დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის რეზონანსულ საქმეში კიდევ ერთი ჩვენება ჩნდება.

სასამართლოში დღეს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს მოუსმინეს. მამა მიქაელ ბოტკოველმა ბრალდებულების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. საპატრიარქოს წარმომადგენელმა თქვა, რომ 1996 წლის მოლაპარაკების დროს საზღვარი სხვანაირად მოინიშნა და შედეგად ძეგლებთან დაკავშირებით სადავო საკითხები მოიხსნა, თუმცა 2006 წელს საზღვარმა თხემზე გადმოიწია და ქართული ძეგლები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოექცა. მამა მიქაელ ბოტკოველმა ახსენა რუკაც მელაშვილის და ილიჩოვას ხელმოწერებით. ბრალდების მხარემ საპატრიარქოს წარმომადგენელს საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებებზეც ჰკითხა, რომლებმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ორივე განცხადებას მამა მიქაელ ბოტკოველის მწვავე შეფასება მოჰყვა.