დაძაბული ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე უკიდურესად დაძაბულია. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საარტილერიო დაბომბვის ინტენსივობის მნიშვნელოვნად შესუსტების მიუხედავად, აზერბაიჯანელი სამხედროები პოზიციურ წინსვლას ცდილობენ, სომხეთის რესპუბლიკის ძალების ქვედანაყოფები კი მათთვის დაკისრებული საბრძოლო ამოცანების შესრულებას აგრძელებენ. აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაღუპულისა და დაშავებულის შესახებ. მხარეები ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. სომხეთი აზერბაიჯანს დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, რასაც აზერბაიჯანული მხარე უარყოფს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულ ჯგუფებს, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნაში და სასაზღვრო რაიონების დანაღმვაში ადანაშაულებს. ერევანიც და ბაქოც ურთიერთბრალდებებს უარყოფენ.