ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში  

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება.

რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაფართოებას და ფუნქციების ზრდას ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ოპონენტები კანონპროექტს მიღმა ხელისუფლების წინასაარჩევნო გათვლებს და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების გაკონტროლების სურვილს ხედავენ. კითხვები აქვთ კლინიკებსაც. საქმე ეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვით მოქალაქის პრეტენზიის საფუძველზე სამინისტროს რეგულირების სააგენტოს საავადმყოფოების შემოწმება ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების და სასამართლოს ნებართვის გარეშე შეეძლება, იზრდება ჯარიმებიც. ცვლილებებს ინიციატორი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებით და ხარვეზების დროულად აღმოფხვრის არგუმენტით ხსნის. პროექტის მოწინააღმდეგეთა პროტესტის ფონზე მმართველმა გუნდმა ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა გადაიფიქრა.