ეპილეფსიის წამლის დეფიციტი და ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

სამი მსხვილი სააფთიაქო ქსელის საქმიანობა მოკვლევის საგანი ხდება. მათ შორის ერთ-ერთი „გეფაა“, რომელიც „ფარმადეპოს“ და „ჯიპისის“ აერთიანებს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ეჭვი აქვს, რომ სამივე ქსელში ეპილეფსიის სამკურნალო წამლის დეფიციტი ხელოვნურად შეიქმნა. ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად იმ პროგრამის საბოტაჟი სახელდება, რომელიც მედიკამენტების ნაწილზე ფასების ზედა ზღვარის დაწესებას გულისხმობს. კანონდარღვევით მოქმედებას უარყოფენ ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც პრეპარატ „დეპაკინ ხრონოს“ დეფიციტს სხვა მიზეზებით ხსნიან. თუმცა, სამინისტრო ამტკიცებს, რომ შემოწმების დროს საწყობებში მედიკამენტის საკმარისი მარაგები იპოვეს. კონკურენციის სააგენტო მოკვლევის დაწყებას არ გამორიცხავს.