ქობულეთში, ევროპული ინვესტიციით, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ახალი ქარხანა ამოქმედდა. საწარმოს ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღეს. დავითაშვილის განმარტებით, ახალი საწარმო ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ აგრომეურნეობებში ჩართული მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესებას, მათი მოსავლის დაბინავების კუთხით, ასევე გააძლიერებს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. ახალი საწარმო სარეალიზაციოდ მოამზადებს მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენტრატს და პლასტმასის ყუთებს ხილის ტრანსპორტირებისთვის. კომპანიას ასევე აქვს სამაცივრე მეურნეობა 3000 ტონამდე ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის შესანახად.