სერგეი გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა საქართველო ვადაზე ადრე დატოვეს.
,,არა ოკუპაციას”, ,,რუსეთი ოკუპანტია”-ამ შეძახილებით გააცილეს სამოქალაქო აქტივისტებმა რუსეთის დუმის წევრები სასტუმრო ,,რედისონიდან”, სადაც მათ პარლამენტში განვითარებული მოვლენების და ფორუმის შეწყვეტის შემდეგ გადაინაცვლეს.
სწორედ გავრილოვის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვდნენ ჯერ პარლამენტთან, მოგვიანებით კი სასტუმროსთან გამართული აქციის მონაწილეები. ყველა აქციაზე დღეს ერთი კითხვა ისმოდა: როგორ აღმოჩნდა რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის მთავარ ტრიბუნასთან.
ფაქტს გმობს მმართველი გუნდიც, რომელიც პარლამენტში ფორუმის ჩატარებას შეცდომად აცხადებს და ორგანიზატორებისგან განმარტებებს ითხოვს.
ერთ-ერთი ორგანიზატორი კი მმართველი პარტიის წევრი ზაქარია ქუცნაშვილია, რომელსაც დღეს ბოდიშის მოხდა დასჭირდა. ფორუმის საორგანიზაციო კომისიაში განმარტავენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ანუ ბერძენ პარლამენტარს უნდა გაეხსნა.
განმარტებები არადამაჯერებელია ოპოზიციისთვის.