საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.
საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე მიმართავს. პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა შვიდ ოქტომბერს დააკავა. საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დაკავებული თანამშრომლები ბრალს არ აღიარებენ. ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებით, პროცესი უფრო ჰგავს მსხვერპლშეწირვას, ვიდრე სამართლებრივ პროცესს და დაკავებულები ეწირებიან პოლიტიკურ ბატალიებს. რაც შეეხება სამართლებრივ ბრალს, ის გულისხმობს სახელმწიფოს ტერიტორიების გამოყოფისკენ მიმართულ ქმედებას, რასაც არ მოჰყოლია რაიმე ტერიტორიის გადაცემა ან დაკარგვა. ადვოკატის შეფასებით, ბრალდება აბსურდულია და ის სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით დაკავებულების მიმართ არ მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. ცნობილია, რომ დაკავებული ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარს აცხადებს.