დილიდან შეფერხებით მუშაობს „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორი ქარხანა. 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მედიაციის პროცესში ჩართულია მრეწველობის პროფკავშირები. საწარმოს თანამშრომლები ხელფასების ზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, დამატებითი მუშახელის აყვანას და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, პანდემიის დროს მათი შრომითი ანაზღაურება კიდევ უფრო შემცირდა. საპირისპიროს ამტკიცებს ადმინისტრაცია, რომელიც გაფიცულებს მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს. დღის ბოლოს გამართული მოლაპარკების და თანამშრომლების მოთხოვნების მოსმენის შემდეგ ადმინისტრაციამ დამფუძნებლებთან კონსულტაციების მიზნით დრო ითხოვა. კომპანია „ბორჯომის“ ჩამოსასხმელ პირველ და მეორე ქარხანაში საწარმოო პროცესის შეჩერებას უარყოფს და მხოლოდ მცირე შეფერხებებს ადასტურებს.