ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა ლისის ტბის წართმევის საქმეზე გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა
ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა ლისის ტბის წართმევის საქმეზე გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
საჩივარი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ქალაქ თბილისის მერიისა და მამუკა ხაზარაძის ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ წინააღმდეგ მომზადდა.
როგორც ახვლედიანი აცხადებს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ზეწოლის შედეგად, 2006 წელს უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63-ზე მეტი ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზე და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზე. ამასთან, აღნიშნა, რომ 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოერთვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, არ დაკმაყოფილდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნა. ამ თემაზე დედაქალაქის მერიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.