მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

კვლავ ხმაურის და პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა.

დილიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი ოთხი კანდიდატიდან ორ კანდიდატურას უსმენდა. თუ გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე პარლამენტისგან მხარდაჭერას მიიღებენ, სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ გამწესდებიან. მოსმენის დროს დაისვა არაერთი მწვავე შეკითხვა – მათ შორის ე.წ. კლანზე, განხილულ საქმეებსა და სასამართლო სისტემისადმი ნდობაზე. გენადი მაკარიძის სამოსამართლეო საქმიანობა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებიდან იწყება, თამარ ოქროპირიძის სამოსამართლეო სტაჟი კი ექვს წელს მოიცავს.