29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული ბესიკ თამლიანი და კიდევ სამი ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებას, ხოლო პროკურატურა – აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა, რასაც ბესიკ თამლიანის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ბრალდებული სასამართლომ რამდენჯერმე გააფრთხილა, რის შემდეგაც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. დღევანდელ პროცესზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სასამართლომ მხარეების ყველა მტკიცებულება დააკმაყოფილა და საქმე არსებითად განსახილველად გადასცა.