ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე სიახლე არ არის ქართული სამართალდამცავი უწყებებისთვის.
მრავალმილიონიანი თაღლითური საერთაშორისო სქემა საქართველოს პროკურატურამ გერმანელ სამართალდამცავებთან გახსნილად ჯერ კიდევ ნოემბერში გამოაცხადა. მაშინ ჩატარდა ხუთი ე.წ. ქოლ-ცენტრის ჩხრეკა, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჩხრეკაა ნახსენები „ბიბისის“ სტატიაშიც. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი ორგანიზატორი სწორედ საქართველოში აიყვანეს. ასევე საქმე აღიძრა ათეულობით ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფი სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. ქოლ-ცენტრებს აფუძნებდა და ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს ქმნიდა, რომელთა საშუალებით მოქალაქეებისგან თაღლითურად მოპოვებულ თანხებს ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე ათავსებდნენ. „ბიბისის“ მასალებში დანაშაულებრივი ქსელი მილტონის ჯგუფად არის მოხსენიებული და ვრცლად არის საუბარი ამ ჯგუფსა და დავით კეზერაშვილს შორის კავშირებზე. რეზონანსულ საერთაშორისო საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჩართულობაზე მინიშნებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუდმივად კეთდებოდა.