ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი განახლდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი განახლდა. სასამართლო დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.

ადვოკატები აპირებენ კვლავ დააყენონ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე.

პროცესის დაწყებამდე სასამართლოსთან ერთ-ერთი დაკავებულის, არჩილ ვანაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი სამართალდამცავებმა ორი თვის წინ დააკავეს.

საგამოძიებო ორგანო ოთხ მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს და ბათუმის მერიის ორ თანამშრომელს – არჩილ ვანაძესა და გოგა ლომაძეს კი ბიუჯეტიდან თანხის მითვისება და გაფლანგვა ედებათ ბრალად.

საქმე ეხება ბათუმში „იაფი სახლის“ პროექტს.