აქცია ბათუმში

ხმაური იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან.

2 მარტს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარი დაპირისპირების გამო დაკავებული პირების ახლობლებმა, ბადრაგის ავტომანქანას, რომლითაც სასამართლოდან პატიმრები გამოჰყავდათ, გადაადგილების საშუალება არ მისცეს. საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა. ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებულები უსამართლოდ იმყოფებიან პატიმრობაში და საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება. ბადრაგის ავტომანქანის გატარება მოგვიანებით პოლიციამ კორდონით უზრუნველყო. 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი, სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. 3 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე 5 პირი დააკავა, მათ შორის ერთი, გამოძიების ვერსიით, შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. ვერ დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, ორი ადამიანი დანით დაჭრა.