„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესზე, ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დაკითხული მოწმის განცხადებით, ქუჩაში შეიარაღებულმა ადამიანმა მას ავტომობილი გააჩერებინა და თავი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მიაყვანინა. მისი თქმით, მან დაინახა როგორ შევიდა აღნიშნული პირი ბანკში და გაიგონა იარაღის გასროლის ხმაც. ამასთან, ბანკში მყოფი ყოფილი მძევლები ყვებიან, როგორ ემუქრებოდა მათ შენიღბული და შეიარაღებული ადამიანი, როგორ ითხოვდა ნახევარ მილიონ დოლარს და როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. მოწმეები ყვებიან, თუ როგორ გაუჩინარდა ფულთან ერთად თავდამსხმელი წალენჯიხის რაიონის სოფელ კირცხში. მათი თქმით, თავდამსხმელი შენიღბული იყო და ამოცნობა არ შეუძლიათ. დაიკითხა ასევე წალენჯიხის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელმაც მძევლების დახსნის ოპერაციაზე ისაუბრა.