ბადრი ესებუას განაჩენი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ესებუას საქმის არსებითი განხილვა დღეს დაასრულა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.

ბადრი ესებუას ბრალად ედება 2020 წლის 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა და მძევლების აყვანა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბადრი ესებუა ბანკზე თავდასხმის ბრალს არ აღიარებს. ის 2023 წლის 8 თებერვალს დააკავეს.