საქართველოში B ჰეპატიტის მართვის ახალი პროგრამა დაიწყო.
ნებისმიერ ადამიანს უკვე აქვს საშუალება, გაიაროს ტესტირება, ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში კი ძვირადღირებული კვლევები სრულიად უფასოდ ჩაიტაროს. ასევე საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ მიიღოს ძვირადღირებული მედიკამენტებიც. მათ, ვისაც ვირუსი არ დაუდასტურდება, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა ექნება. ამ დრომდე, B ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობა საკუთარი სახსრებით უწევს საჭირო მედიკამენტების ღირებულება კი თვეში ასობით ლარს აღწევს, რის გამოც პაციენტების დიდი ნაწილი სრულფასოვან მკურნალობას ვერ ახერხებს. სექტემბრიდან პრეპარატებს უფასოდ მიიღებს ყველა მოქალაქე, რომელსაც მკურნალობას სპეციალისტი დაუნიშნავს.