ავიამიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ავიაკომპანია „აზიმუტ ეარლაინსის“ შემდეგ, რომელმაც მოსკოვიდან თბილისში პირველი პირდაპირი ავიარეისი დღეს შეასრულა, თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. რეისები კვირაში შვიდჯერ შესრულდება.

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების თემაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და დამოკიდებულება კრემლის მიმართ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისგან აშორებს. კრიტიკას არ იზიარებენ მმართველ გუნდში და მოსკოვის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე აკეთებენ აქცენტს. ასევე აცხადებენ, რომ ავიამიმოსვლის განახლება ეკონომიკაზე პოზიტიურად აისახება.