„აუდიტორია 115“-ის წევრების საქმეზე სასამართლო პროცესი 20 აპრილისთვის გადაიდო

„აუდიტორია 115“– ის წევრების საქმეზე სასამართლო პროცესი 20 აპრილისთვის გადაიდო. პროცესის გადადება ადვოკატებმა მასალების გაცნობის მიზნით, მოითხოვეს. საუბარია იმ მასალებზე, რომლებიც სამართალდამცველებმა სასამართლოს წარუდგინეს, მათ შორის მასალა, რომელშიც პარლამენტთან „აუდიტორია 115“- ის წევრების დაკავებაც არის ასახული. გუშინ დაკავებულმა ხუთივე პირმა სასამართლო უკვე დატოვა. ისინი აცხადებენ, რომ კვლავ გააგრძელებენ ბრძოლას შრომითი უფლებებისთვის და ამ მიმართულებით ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

„აუდიტორია 115“-ის ხუთი წევრი გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. საგამოძიებო უწყება ხუთივე მათგანს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, რაც, სანქციის სახით, ჯარიმას ან 15-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.