ატმოსფერო არის აირების ფენა, რომელიც დედამიწას აკრავს გარს. ხშირად უბრალოდ ჰაერსაც ვუწოდებთ. ატმოსფერო ზოგიერთ სხვა პლანეტას და მათ ბუნებრივ თანამგზავრებსაც აქვთ.
ატმოსფერო რამდენიმე სხვადასხვა აირისგან შედგება. ამ აირებს დედამიწის სიახლოვეს გრავიტაციის ძალა აკავებს. ჩვენი პლანეტის ზედაპირის სიახლოვეს, ატმოსფეროს დაახლოებით სამ-მეოთხედს აზოტი შეადგენს, ერთ მეხუთედს კი ჟანგბადი. უფრო ზედა ფენებში, ატმოსფერო ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება.
ჰაერის წონას ატმოსფერულ წნევას უწოდებენ. წნევა ყველაზე მაღალი ზღვის დონეზეა, სადაც აირის ნაწილაკებს ერთმანეთთან მჭიდროდ უყრის თავს მათ ზემოთ არსებული წონა. ზედაპირიდან მაღლა, უფრო შორს, აირი სულ უფრო მსუბუქდება. სიმაღლის ზრდასთან ერთად, ჰაერის მოლეკულები ერთმანეთს უფრო შორდება და იკლებს წონა და შესაბამისად, წნევაც.
დედამიწის ატმოსფერო ხუთ რეგიონად, ანუ შრედ იყოფა. პლანეტასთან უახლოეს შრეს ტროპოსფერო ეწოდება. ის ზედაპირიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. დედამიწის ამინდის დიდი ნაწილი, მათ შორის ქარი და ღრუბლების უმეტესობა, სწორედ ტროპოსფეროში არსებობს.
მეორე შრეა სტრატოსფერო, რომელიც ზედაპირიდან დაახლოებით 50 კილომეტრის სიმაღლემდე ვრცელდება. სტრატოსფეროშია ოზონის შრეც. ოზონი მზის რადიაციის დიდ ნაწილს ბლოკავს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რადიაცია რომ დედამიწამდე აღწევდეს უდიდეს ზიანს მიაყენებდა სიცოცხლეს.
მესამე შრეა მეზოსფერო, რომელიც პლანეტის ზედაპირიდან 80 კილომეტრის სიმაღლემდე ვრცელდება.
მეოთხე შრე, რომელსაც თერმოსფეროს უწოდებენ, დედამიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრის სიმაღლეზე იწყება და 480 კილომეტრის სიმაღლემდე ვრცელდება.
ატმოსფეროს მეხუთე და ყველაზე მაღლა მდებარე შრეა ეგზოსფერო, რომელიც იქ მთავრდება, სადაც დედამიწის გრავიტაცია უკვე იმდენად სუსტია, რომ აირის ნაწილაკებს ვეღარ იზიდავს და ვეღარ აკავებს.