არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ეხმაურება
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომი ეხმაურება და განცხადებას აკეთებს: „მსურს შევუერთდე საერთაშორისო საზოგადოებას და მეც გამოვხატო ბრაზი და მწუხარება მომხდარი ტრაგიკული ამბის გამო. საჭიროა, დაუყოვნებლივ ჩატარდეს გამჭვირვალე გამოძიება, რომ ნათელი მოეფინოს იმ მოვლენებს, რაც ტატუნაშვილის გარდაცვალებას უძღოდა წინ და მკაცრად დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები“. მისივე თქმით, ორი პირი, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ ოფიციალურ თბილისს. ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ კონგრესის მტკიცე მხარდაჭერას და სამძიმარი გამოუცხადა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.