არაეთიკური მონოლოგი

ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ წამყვანი, გიორგი გაბუნია ორი თვის განმავლობაში გადაცემებს ვეღარ წაიყვანს. ასეთია არხის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება მონოლოგზე, რომელიც საზოგადოებამ გუშინ გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას მოისმინა.

გადაცემის წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა და მის მიმართ არაერთი უხამსი, შეურაცხმყოფელი და უცენზურო სიტყვა გამოიყენა. „პოსტსკრიპტუმის“ ავტორის გამოხატვის ფორმას არხი გაემიჯნა და ბოდიშიც მოიხადა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მოქალაქეთა იმ ნაწილისთვის, რომელიც თითქმის დილამდე ტელეკომპანიის წინ საპროტესტო აქციას მართავდა და ტელევიზიიდან გიორგი გაბუნიას და არხის დირექტორის წასვლას ითხოვდა.

ჟურნალისტიკის სტანდარტების უხეში დარღვევა, არაეთიკური, საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ქმედება,- ასეთია მმართველი გუნდის შეფასება.

„პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის მონოლოგის ფორმა დაგმო ოპოზიციამაც, თუმცა ოპონენტთა არანაკლებ ნეგატიური რეაქცია მოჰყვა იმ ოფიციალურ განცხადებებსაც, რომლითაც სახელმწიფო უწყებები გიორგი გაბუნიას საქციელს გამოეხმაურნენ.