აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო გამოსვლების განახლებას არ გამორიცხავენ. ეს იმ შემთხვევაში, თუ 28 ივლისამდე ჯანდაცვის სამინისტრო პრეპარატ „ვოზორიდიტის“ საქართველოში შემოტანის კონკრეტულ ვადებს არ დაასახელებს.
უკვე რამდენიმე თვეა, აზარაშვილის უწყებაში შექმნილი სპეციალური საბჭო აქონდროპლაზიის სამკურნალო პროტოკოლზე და შესაბამისი წამლის დანერგვის პროცედურებზე მუშაობს. თუმცა, პროტოკოლის საბოლოო ვერსიის დამტკიცების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო, რაც მშობლებს ეჭვს უჩენს, რომ სამკურნალო მედიკამენტის შემოტანა შესაძლოა გახანგრძლივდეს. საუბარია ამერიკული კომპანია „ბიომარინის“ მიერ წარმოებულ წამალ „ვოზორიდიტზე“, რომელიც აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 2021 წლიდან გამოიყენება. თუმცა, გვერდითი ეფექტების შესასწავლად, შესაძლო რისკების დასაზღვევად და წამლის ოფიციალურ სამკურნალო პროტოკოლში შესატანად ჯანდაცვის სამინისტრომ დრო ითხოვა. პროტოკოლის დამტკიცების საბოლოო თარიღად დღევანდელი დღეა დასახელებული.