სიღნაღის მუნიციპალიტეტის ასანურის დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა სოფლის კუთვნილი საძოვრების გასხვისება გააპროტესტა. მათი თქმით, სოფელს 100 ჰექტრამდე საძოვარი ჰქონდა, რომლის გაყიდვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში დაიწყო და დარჩენილი 19 ჰექტარი საძოვრის აუქციონზე გაყიდვას დღევანდელი ხელისუფლება გეგმავს.
ადგილობრივების თქმით, მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა დღემდე განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია. სოფელში განმარტავენ, რომ მათი შემოსავალის ერთ-ერთი წყარო მესაქონლეობაა და საძოვრების გაყიდვის შემთხვევაში, საქონლის გარეშე დარჩებიან.
სიღნაღის მერიაში კი აცხადებენ, ადგილობრივი მოსახლეობა არასწორ ინფორმაციას ფლობს და საძოვრის გასხვისების პროცესი არც დაწყებულა და არც იგეგმება. ადგილობრივ ხელისუფლებას ეკონომიკის სამინისტროსთან აქვს კომუნიკაცია და მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია, სადაც გაწერილი იქნება, რომელი მიწები არ გავა აუქციონზე.