აქცია საძოვრების გასხვისების წინააღმდეგ

საძოვრების გასხვისების წინააღმდეგ აქცია გამართეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურის მცხოვრებლებმა.

პროტესტის მონაწილეთა განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის მიწას, რომელსაც სოფელი საძოვრად იყენებს. აქციის მონაწილეებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური შეხვდა. მისი განმარტებით, აუქციონზე გატანილი მიწა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას, მიწას საძოვრის სტატუსი არ გააჩნია და როგორც სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა აუქციონზე ეკონომიის სამინისტრომ გამოიტანა. მერი მიიჩნევს, რომ სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა სამართლიანია, მათ არ აქვთ ალტერნატიული ფართობი, რომელსაც საძოვრად გამოიყენებენ. ფიცხელაური ამბობს, რომ კომუნიკაცია აქვს შესაბამის უწყებასთან და საკითხის გადაწყვეტას ელოდება. ცხრა ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სავარაუდოდ სასტუმროს აშენება იგეგმება, სადაც ინვესტორი ორი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ბაბანეურელები აცხადებენ, რომ მიწის გასხვისებას არ დაუშვებენ.