გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გამართა. სასმელი წყლის პრობლემა სოფლის ნაწილს აქვს. მოსახლეობა ამბობს, რომ უკვე მე-20 დღეა, სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ. ადგილობრივები ამის მიზეზად სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს ასახელებენ. მათი თქმით, სოფლის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი აქვს, მოსახლეობა კი მას ხშირად ბაღების სარწყავად იყენებს, რის გამოც სოფლის დანარჩენ ნაწილს წყალი აღარ მიეწოდება.
მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს და წყლის მიწოდების გრაფიკის დაწესებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივები აქციების გამართვას მერიასთან გეგმავენ.
ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, შოთა ვანიშვილი ამბობს, რომ სოფელს საკმარისი წყალი აქვს, მოსახლეობა კი თვითნებურად ბაღებს რწყავს, რაც პრობლემას ქმნის.