წყლის ხარისხი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს. კომპანიის ინფორმაციით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება და მის ხარისხთან დაკავშირებით ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, წყლის ხარისხის კონტროლს „ჯივიპის“ ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ და სასმელი წყლის ხარისხი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სრულად აკმაყოფილებს როგორც ეროვნული რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებსა და ევრორეგულაციებს.