გამოსვლის ერთი ნაწილი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ანაკლიის პორტზე საუბარს დაუთმო. პროექტი საქართველოს რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკური გავლენებისგან დაიცავს, – ასეთი იყო მაიკ პომპეოს გზავნილი, რომლითაც პროექტის მიმართ ვაშინგტონის დიდ ინტერესს და განსაკუთრებულ მხარდაჭერას გაესვა ხაზი.
ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტად აცხადებს მთავრობაც, რომელმაც დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსების მოსაზიდად მიცემული ვადა კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივა.
ხელშეკრულების მიხედვით, ანაკლიაში პორტმა გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს, თუმცა ძირითადი სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
პოტენციური ინვესტორების, ანუ ოთხი საერთაშორისო ბანკის რვაპუნქტიანი მოთხოვნების გარშემო მთავრობასთან სამმხრივი მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პუნქტიღა რჩება შესათანხმებელი.