ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა

ისინი, ვინც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები დანაშაულებრივი გზით მიითვისეს, სასჯელისგან გათავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, თუ 1 წლის განმავლობაში სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დღეს საქართველოს მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, წლების განმავლობაში, სხვადასხვა საგამოძიებო უწყება არაერთ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს, რომელიც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლების დანაშაულებრივი გზით მოპოვებას უკავშირდება. მსგავსი დანაშაულის ჩადენისთვის არაერთ პირს დაეკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა ეს მიწაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღდგენის ერთადერთ ეფექტიან საშუალებად ვერ ჩაითვლება. ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს.