ალექსანდრე მუხაძეს ყოფილი პატიმრის, ალექსანდრე მანუკიანის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ედება ბრალი - არა ერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილე ყოფილი მაღალჩინოსნის კრიმინალური ანატომია
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირს მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებიან.
ძებნილ და არაერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტ ალექსანდრე მუხაძეს ამჯერად პატიმრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ედება ბრალი. საქმე ეხება 2008 წელს ორთაჭალაში მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს. მუხაძე მაშინ დაწესებულების ხელმძღვანელი იყო. ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული ალექსანდრე მანუკიანი ძალადობის ფაქტს ჩვენებაში დეტალურად აღწერს. თავის დროზე მისი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც იყო გაგზავნილი, რომელმაც სახელმწიფოს საქმის გამოძება დაავალა.