ახალციხეში დაკავებულ ახალგაზრდებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ - რას აცხადებს შსს
ახალციხეში სამართალდამცავების სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დაკავებულ ახალგაზრდებს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ეკა აბაშიძე პარალელურად, გრიგოლ კაპანაძის საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს. დაკავებულების მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა დაკავებული ახალგაზრდების მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მასში ნათქვამია: “გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ე.წ. საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ-ერთ თურქულ ბარში მივიდნენ და საქართველოს და თურქეთის მოქალაქეებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო.
ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც, პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადგილზე დააკავა.”