საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალციხეში

საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე.

ღონისძიების სტუმრებს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის, დათვალიერების და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა აქვთ. საზეიმოდაა მორთული ქალაქი და ახალციხის ციხის ტერიტორია. მთელი დღის განმავლობაში ახალციხელებს და ქალაქის სტუმრებს სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებით აქტივობებზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ. ციხის ზედა და ქვედა ნაწილები რამდენიმე თემატურ ზონად – შემეცნებით, გასართობ, კულტურულ და საგამოფენო სივრცედ არის დაყოფილი, სადაც იმართება მუსიკალური და თეატრალიზებული წარმოდგენები, ადგილობრივი ანსამბლების კონცერტები, სხვადასხვა სახის მასტერკლასი, მესხური კულინარიისა და ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მსურველებს ასევე შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში. ღონისძიების პატარა სტუმრები კი სპეციალურად მათთვის მოწყობილ საბავშვო კუთხეებში ერთობიან და მონაწილეობენ თამაშებში, შემეცნებით ქვიზებსა და შოუებში.