ევროპაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების ტემპი კლებულობს. ამის შესახებ მეტყველებს იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის მიერ გავრცელებული ბოლო სტატისტიკური მონაცემები. დიდ ბრიტანეთში კი განაცხადეს, რომ ამჟამად ქვეყანა ინფექციის გავრცელების პიკშია. ბოლო დღე-ღამეში, გაერთიანებულ სამეფოში 680-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ევროპის ქვეყნების ნაწილმა კი, შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. მათ შორის არის ბელგიაც, სადაც ვირუსმა 6 400 ადამიანი იმსხვერპლა. ბელგიაში 11 მაისიდან ყველა მაღაზია გაიხსნება. ეს პროცესი 4 მაისიდან დაიწყება. ამასთან, ყველა ბელგიელი ვალდებული იქნება, დახურულ სივრცეში პირბადე ატაროს. კაფეები და რესტორნები რვა ივნისამდე დაკეტილი იქნება. ბელგიის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ შეზღუდვების კვლავ გამკაცრება გამორიცხული არ არის.
მოსკოვში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით 41 პაციენტი გარდაიცვალა. ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი 34 წლის იყო. რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსის 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რთული ვითარება თურქეთში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 109 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 104 ათასს აჭარბებს.
სომხეთში კოვიდ-19-ის 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 28 ადამიანი. აზერბაიჯანში კი ინფექციას 21 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე ღამეში გამოვლინდა ვირუსის 44 ახალი შემთხვევა. აზერბაიჯანის მთავრობა 27 აპრილიდან კარანტინის რეჟიმის შემსუბუქებას აპირებს.