ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

დილიდან ამ წუთამდე კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან ორი ბათუმშია გამოვლინდა  და თურქეთში ყოფნას უკავშირდება. ბოლო დღეების ორნიშნა მატებასთან შედარებით ეს შემცირებული მაჩვენებელია. თუმცა გაფართოვდა კლასტერების არეალი – საგანგებო ზომებს იღებენ ლენტეხში, სადაც კოვიდ 19-ით 50 წლამდე მამაკაცი და მისი შვილია ინფიცირებული. ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში დღემდე გამოვლენილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერია.

მაღალი რისკის ზონებია ვანის რაიონი და ქობულეთიც. ვანში 75 წლის ინფიცირებული ქალის ოჯახის კიდევ ორი წევრი აღმოჩნდა კოვიდ 19-ის მატარებელი. კარანტინშია ქობულეთის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელთა ნაწილიც, რომლებსაც ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი. სულ კლასტერი ექვს ადამიანს მოიცავს, თუმცა გაცილებით დიდია მათი კონტაქტების წრე, რომლის კვლევა ჯერ ისევ გრძელდება.