მსოფლიო მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 780 000-ს გადააჭარბა. განიკურნა – 165 370 ადამიანი. გარდაცვლილია 37 637. ვირუსი 177 ქვეყანაში ფიქსირდება.
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, ბოლო ერთ დღეში 37-ით გაიზარდა. ინფიცირებულია საერთო ჯამში 10 827 პირი. რუსეთის ათობით რეგიონში კი შეზღუდვები დაწესდა. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ დღეში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 1 836 ფაქტია გამოვლენილი. მათგან განკურნება 66-მა პაციენტმა მოახერხა. 9 კი გარდაიცვალა.
მდგომარეობა ისევ მძიმე იტალიაში, სადაც კარანტინი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. ბოლო ცნობებით ვირუსი 101 ათასზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 14 620 პაციენტი. 11 591 კი, ვირუსს ემსხვერპლა.
საფრანგეთში კი ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსის შედეგად 418 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 024-ს შეადგენს.
ევროპისაგან განსხვავებით, სტატისტიკა მნიშვნელოვნად შემცირებულია ჩინეთში, სადაც ოფიციალური მონაცემებით, ერთ დღეში ვირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ყველა მათგანი იმპორტირებულია. ამის გამო, უცხოეთიდან ჩასულ ყველა ადამიანს, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევს. ჩინეთში კორონავირუსის სულ 81 518 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 76 052 გამოჯანმრთელდა. 3 305 ადამიანისთვის კი კორონავირუსი ფატალური აღმოჩნდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 108 დადასტურებული შემთხვევაა.
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 21. კარანტინის რეჟიმში – 4995 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.