ახალი კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად, იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვმა, ჩინეთში დაღუპულ პაციენტების რიცხვს გადააჭარბა. ვირუსს უკვე 3405 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი კი – 41 ათასს აღემატება. მათ შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში 5300-მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საფრანგეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 11 ათასს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსის ახალი შემთხვევა 2 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიამ სულ 372 პაციენტი იმსხვერპლა. მათ შორის 130-მდე ბოლო ერთ დღეში. საფრანგეთის ჯანდაცვის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საკარანტინო ზომები.
ესპანეთმა კორონავირუსის დიაგნოსტირება ავტომობილებშივე დაიწყო. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. კოვიდ-19-ს 830 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 209 გასული დღის განმავლობაში. ინფიცირებულია თითქმის 18 000. მათ შორის 3500-მდე ახალი შემთხვევა ბოლო ერთ დღეში.