რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1 800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა.
ახალი გვირაბი სრულად აღიჭურვა საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მექანიკური და ელექტროსისტემებით – მათ შორის სავენტილაციო და შეტყობინებების სისტემებით. ამასთან, მიმდინარეობს ამ სისტემების მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობაც. დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
ძველ გვირაბში განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები. რიკოთის მონაკვეთის ყველაზე გრძელი ორი პარალელური გვირაბი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ერთმანეთს დაუკავშირდება სამი, მათ შორის, ერთი სამანქანო საევაკუაციო გასასვლელით. ამ დროისთვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. ინტენსიური სამუშაოები გრძელდება დარჩენილ მონაკვეთებზე.