ახალი გარემოებები წყნეთში მომხდარი შემთხვევის გარშემო.
ვრცელდება იმ თვითმხილველთა ჩვენებები, რომლებიც პოლიციელის ტყვიით 30 წლის ზურაბ გველესიანის გარდაცვალებას შეესწრნენ. დეტექტივს, რომელსაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდება აქვს წაყენებული, დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
შემთხვევა 18 აპრილს წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე მოხდა. გამოძიების მიხედვით, მომხდარი ნარკოდანაშაულს უკავშირდება, კერძოდ: ზურაბ გველესიანი მიწაში ჩაფლულ გაურკვეველ ნივთიერებას იღებდა, რა დროსაც პოლიციელმა მისი დაკავება სცადა, გაქცევის და მისი შეკავების მცდელობის დროს კი ტყვია შემთხვევით გავარდა. ძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს. პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პოლიციელის იარაღი საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი.