აღკვეთის ღონისძიება

ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. საუბარია აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეებზე. პროცესი დახურული იყო. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. უცხო ქვეყნის მოქალაქეები თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. გამოძიება საქართველოს საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მისთვის საქართველოში შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული, დაკავებულებს ამ მუხლითაც წარედგინოთ ბრალი. შემდეგი სასამართლო პროცესი 28 დეკემბერს ჩაინიშნა. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.