„აკაკი ჩხენკელი -150“ - საერთაშორისო კონფერენცია

„აკაკი ჩხენკელი -150“- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებაზე როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მეცნიერები წარადგენენ მოხსენებებს, რომლებიც აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპებს შეეხება, მათ შორის: პირველი მსოფლიო ომის, ომთაშორისი ევროპის, ქართული ემიგრაციისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას. კონფერენციის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩხენკელის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტები არქივიდან. ამასთან, თსუ-ს პირველ კორპუსში არსებულ ერთ-ერთ აუდიტორიას მიენიჭა აკაკი ჩხენკელის სახელი. აკაკი ჩხენკელი ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე იყო. ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. ემიგრაციაში – 1921 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინტერესების დაცვის საქმეს საერთაშორისო ასპარეზზე.