აგვისტოს ომის  რუსული საბრძოლო ველი კიბერსივრცეში
აგვისტოს ომის რუსული საბრძოლო ველი კიბერსივრცეში

2008 წელს რუსეთმა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ფართომასშტაბიანი დარტყმების პარალელურად, საქართველოს საკომუნიკაციო ქსელებზეც განახორციელა მასირებული კიბერშეტევები, რომელმაც საქართველოს საინფორმაციო არხების, სამთავრობო საიტების, ინტერნეტმომწოდებლების და ნაწილობრივ, საბანკო სექტორის პარალიზება მოახდინა. აღნიშნული მოქმედება სამხედრო ოპერაციებთან ერთად კიბერშეტევის გამოყენების პირველი პრეცენდენტია, რის შემდეგაც რუსეთი მუდმივად ანვითარებს საკუთარ შემტევ კიბერპოტენციალს და ამით მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დასავლური ვექტორის მქონე სახელმწიფოებს.

სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე  მასირებული კიბერშეტევების ერთგვარი გენერალური რეპეტიცია განხორციელდა: 19 ივლისს რუსეთიდან მართული DdoS ტიპის შეტევის შედეგად მწყობრიდან გამოიყვანეს  საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტი.როგორც შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, ამავე პერიოდს უკავშირდება ქართული საკომუნიკაციო ქსელების  სკანირება რუსული აქტორების მიერ შესაძლო სისუსტეების გამოვლენის მიზნით.

რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში შემოჭრასთან ერთად, დაიწყო კიბერშეტევის ძირითადი ფაზაც. ქრონოლოგიურად თუ მივყვებით:

8 აგვისტოს განხორციელდა კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის საიტებზე, საინფორმაციო პორტალებსა (Apsny.ge, News.ge) და ფორუმებზე.

9 აგვისტოს განხორციელდა შეტევა საბანკო სექტორზე.

10 აგვისტოს განხორციელდა კიბერშეტევის ახალი ტალღა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის საიტების წინააღმდეგ.

11 აგვისტოს სამთავრობო საიტების უმრავლესობა, გარდა პრეზიდენტის საიტისა, არ ფუნქციონირებდა.

ამავე პერიოდში განხორციელებული defacement შეტევის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის, ეროვნული ბანკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდებზე  განთავსდა ფაშისტური სიმბოლიკა და პრეზიდენტ სააკაშვილის ჰიტლერთან გამაიგივებელი ფოტოები, გამოქვეყნდა მე-20-ე საუკუნის დიქტატორების ფოტოები. რუსული კიბერშეტევები არ შემოიფარგლა მხოლოდ ქართული გვერდებით: defacement შეტევა განხორციელდა ასევე იმ აზერბაიჯანულ და რუსულ ოპოზიციურ გვერდებზე, რომლებიც  ნეიტრალურად, რუსეთისათვის საზიანო ჭრილში აშუქებდნენ კონფლიქტს (www.day.az;  www.today.az; www.ans.az; www.skandaly.ru;   www.newsgeorgia.ru; www. kasparov.ru )

თუკი 2007-2008 წლებში ესტონეთისა და ლიეტუვას წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევები სადამსჯელო ოპერაციას და ერთგვარი პოლიტიკური გზავნილს წარმოადგენდა, რომლის მიზანიც სამოქალაქო მღელვარების, მასობრივი არეულობის გამოწვევა იყო, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის კიბერგანზომილება რუსული აგრესიის ინფორმაციულ უზრუნველყოფას, მის გამართლებას ემსახურებოდა.

ქართული ოფიციალური თუ კერძო საინფორმაციო არხების ბლოკირებით მოპოვებული საინფორმაციო უპირატესობის ფონზე რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა კონფლიქტის დაწყებაში ქართული მხარის დადანაშაულება დაიწყეს. ვრცელდებოდა ყალბი მასალები საქართველოს შეიარაღებული ძალების „მძინარე ცხინვალზე“თავდასხმის და 2000 ოსი ეროვნების მოქალაქის განადგურების შესახებ, რასაც, თითქოსდა, „სისხლისღვრის და ოსური მოსახლეობის ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად“ კონფლიქტში რუსეთის საჯარისო ფორმირებების ჩაბმა მოჰყვა. იმ გარემოებას, რომ საინფორმაციო კამპანია იმთავითვე რუსული სამხედრო ოპერაციის ხელშემწყობ მოქმედებად განიხილებოდა, თავად RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანიც ადასტურებს გაზეთ „კომერსანტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, სადაც აღნიშნავს, რომ როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოში იბრძოდა, RT საინფორმაციო ომს აწარმოებდა მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ.

რუსულმა საიტებმა ასევე გამოაქვეყნეს კიბერშეტევისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა და ინსტრუქციები. რუსულმა ჰაქტივისტურმა საიტმა stipgeorgia.ru გამოაქვეყნა სამიზნე ქართული საიტების მისამართები, შესაბამისი ჩამოსატვირთი  მავნე პროგრამული უზრუნველყოფა (მალვეარი) და შეტევის ინსტრუქცია. თეორიულად, აღნიშნული სქემა იძლეოდა საშუალებას, ნებისმიერ პრორუსულად განწყობილ აქტივისტს, ყოველგვარი ორგანიზების გარეშე, საკუთარი წვლილი შეეტანა კიბერშეტევაში, რითაც შესაბამის შენიღბვის საშუალებას უქმნიდა რუსულ სახელმწიფო უწყებებისგან მართულ კიბერშეტევას. აღნიშნული გარემოება გამოიყენა კიდეც კრემლმა: საჯარო განცხადებებში ოფიციალურად უარყო სახელმწიფოს ჩარევა მასირებულ კიბერთავდასხმებში და მისი განხორციელება პრორუსულად განწყობილ მოხალისეებსა და ჰაქტივისტებს მიაწერა. თუმცა, მიუხედავად რუსეთის მხრიდან მრავალჯერადი უარყოფისა და იმ გარემოებისა, რომ სამართლებრივად კიბერშეტევის ორგანიზების ატრიბუცია მეტად რთულია, სამთავრობო მხარდაჭერის კვალი აღნიშნულ მასირებულ კიბერშეტევაში აშკარაა. ბოტნეტების უმეტესობა, რომელთა სერვერები თურქეთსა და რუსეთში დაფიქსირდა და რომელთა მიერ განხორციელებულმა შეტევებმა საქართველოს საინფორმაციო სივრცის პარალიზება და ფაქტიური საინფორმაციო ბლოკადა გამოიწვია, რუსულ კიბერკრიმინალურ დაჯგუფება RBN -ს ეკუთვნის.

განხოციელებული შეტევების ერთმანეთსა თუ სხვა ოპერაციებთან კოორდინაციის მაღალი ხარისხი უტყუარად ადასტურებს, რომ ეს იყო ერთი კამპანიის ნაწილი, რომლის დაგეგმვა და მომზადებაც წინ უსწრებდა რუსულ კონვენციურ მოქმედებებს მინიმუმ რამდენიმე კვირით მაინც.

კიბერშეტევები, ზოგ შემთხვევაში, გეოგრაფიულადაც იყო თანხვედრაში რუსულ კონვენციურ მოქმედებებთან: საინფორმაციო და სამთავრობო საიტების მწყობრიდან გამოყვანა წინ უსწრებდა საავიაციო დარტყმებს.

საქართველოს მთავრობა, რომელიც აგრესიის პირობებში ინფორმაციის გასავრცელებლად საკუთარ ვებ-გვერდებს ეყრდნობოდა, იძულებული გახდა ეძებნა საინფორმაციო ბლოკადის გარღვევის გზები. 9 აგვისტოს განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტისა და და ერთ-ერთი სამაუწყებლო კომპანიის  ვებსაიტების ტრანსფერი ატლანტაში ბაზირებულ კომპანია Tulip Systems Inc. -ის სერვერებზე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციის გასავრცელებლად ბლოგი და სოციალური ქსელები გამოიყენა; პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოყო სივრცე ინფორმაციის განსათავსებლად, ხოლო ესტონეთმა საკუთარ სერვერებზე განათავსა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი და საქართველოში მიავლინა სპეციალისტები კიბერთავდასხმების შედეგების აღმოსაფხვრელად.

იმის გამო, რომ 2008 წელს საქართველო ნაკლებად იყო დამოკიდებული საინფორმაციო ტექნოლოგიებზე (7 ინტერნეტ-მომხმარებელი 100 მოსახლეზე; შეადარეთ ესტონეთს,  სადაც თანაფარდობა 57  იყო 100-ზე  და ლიეტუვას  –  32 მომხმარებელი 100 მოსახლეზე), კიბერთავდასხმას არ ჰქონია სახელმწიფოსათვის დამანგრეველი შედეგი, თუმცა, კრემლმა გარკვეულწილად მაინც მოახერხა საინფორმაციო არხების ჩახშობა და რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ რუსული ნარატივის დამკვიდრება. საქართველოზე 2008 წელს განხორციელებული შეტევა ითვლება სამხედრო მოქმედებების მხარდამხარ განხორციელებულ პირველ ფართომასშტაბიან კიბერშეტევად.ადგილობრივი აკადემიური წრეების კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფმა, ესტონეთის, აშშ-სა და პოლონეთის დახმარებით,  შეძლო კონტრღონისძიებების შეძლებისდაგვარად  მოკლე დროში განხორციელება და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთს თავისი პოზიციები ბრძოლის ამ ველზეც ეჭირა.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

ავტორი – ანდრო გოცირიძე 

დატოვე კომენტარი