17 წელი აგვისტოს ომიდან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აგვისტოს ომის წლისთავს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი დღემდე არღვევს საერთაშორისო სამართალს, აგრძელებს საოკუპაციო პოლიტიკას, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს და ბარიერებს ქმნის ხალხებს შორის კავშირის აღდგენის გზაზე. „ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულყოფილი შესრულებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან, შემაშფოთებელია ოკუპირებულ რეგიონებზე უკანონო კონტროლის გაძლიერების მიზნით სამხედრო, პოლიტიკური და საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესის გაფართოება და ადგილობრივი მოსახლეობის ხელოვნური იზოლაცია, რაც სხვა მიზნებთან ერთად, ხალხთაშორისი მზარდი კავშირებისა და შერიგების პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული.

საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებასა და განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. მშვიდობის განმტკიცებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ალტერნატივა არ გააჩნია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

17 წელი აგვისტოს ომიდან