17 წელი აგვისტოს ომიდან

12:02, 08.08.2025

აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა – 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით შემოიჭრნენ. რუსულმა ავიაციამ დაბომბა რამდენიმე ქალაქი, გადაწვა ათეულობით სოფელი, სამხედრო ბაზები და სხვა სტრატეგიული ობიექტები. რუსულ სამხედრო აგრესიას 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედროები და პოლიციელები, დაიჭრა 1 700-ზე მეტი ადამიანი, 150-ათასამდე პირი კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.

განადგურებული სოფლები, დაბომბილი გორი და სტრატეგიული ობიექტები და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება – ომიდან 17 წლის თავზე ქვეყანაში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით დაყოფილი სოფლები, მოქალაქეთა გახშირებული გატაცებები, გადაადგილებისა და სამედიცინო დახმარების მიღების წართმეული უფლებები – ასეთია რეალობა საოკუპაციო ხაზთან. არაერთი საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, რუსეთი ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 6-პუნქტიან შეთანხმებას ამ დრომდე არ ასრულებს. მოსკოვი სტრასბურგის სასამართლოს იმ ისტორიულ გადაწყვეტილებასაც იგნორირებას უკეთებს, რომელმაც ყველა დარღვეულ უფლებაზე პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთს დააკისრა.

 

მსგავსი