ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულ შვიდივე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილი 5 000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა, ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას, ან ალტერნატივის სახით 7 000-ლარიან გირაოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შვიდი პირი ორი დღის წინ დააკავეს, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. საქმე ეხება თურქეთში შესყიდულ დიდი ოდენობით ოქროს, რომელიც საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ყალბი აღმოჩნდა. გამოძიების ინფორმაციით, დავაში მხარეებმა ე.წ. კანონიერი ქურდები, მათ შორის მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი, ასევე საზღვარგარეთ მყოფი კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი ჩართეს. „კანონიერ ქურდებს“ ბრალი ჯერ არ აქვთ წარდგენილი.