საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაცხოვრის აღდგომას ულოცავს ყველას, ვინც დღეს ზეიმობს დღესასწაულს: „ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. გულითადად ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებსა და ყველას, ვინც დღეს სულიერი ამაღლების, სიცოცხლის გამარჯვებისა და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის დღესასწაულს ზეიმობს. ვუერთდები თქვენს სიხარულს, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
მილოცვის წერილი გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა. „გულითადად გილოცავთ მაცხოვრის აღდგომას კათოლიკური, ლუთერანული და სომხეთის სამოციქულო ეკლესიების წევრ თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდესს. საყოველთაო განახლებისა და უკეთესი მომავლის რწმენის ამ წმინდა დღეს ვუერთდები თქვენს სიხარულს და ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას ვუსურვებ თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოს“, – წერს მთავრობის მეთაური.
მილოცვის წერილი გაავრცელა ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. ეთნიკურად სომეხ თანამოქალაქეებს, ისევე, როგორც კათოლიკური და ევანგელურ-ლუთერული აღმსარებლობის მიმდევრებს დღესასწაული მიულოცა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.