აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სავაჭრო გზის მომავალზე თბილისში 60 ქვეყნიდან ჩამოსული 2 500-მდე სტუმარი მსჯელობს.
აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ისტორიული გზის გასავითარებლად მონაწილე ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარება და იმ ბარიერების სწრაფად დაძლევაა საჭირო, რაც სარკინიგზო თუ საზღვაო გადაზიდვებს, ენერგომატარებლების ტრანზიტს და სატრანსპორტო მიმოსვლას აფერხებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე და აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზეც. განიხილება ის პროექტებიც, რომლებშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს. საუბარია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, რომელმაც ევროპას აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია საქართველოს გავლით უნდა მიაწოდოს. მასშტაბურ პროექტებს შორის ახსენეს ანაკლიის პორტიც. ქართული მხარე წლევანდელი ფორუმისგან მეტ ინვესტიციას და ახალ ბიზნეს-გარიგებებს ელის.