რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა გვიან ღამიდან დაიწყეს. მთელი ღამის განმავლობაში არ წყდებოდა მოქალაქეთა ნაკადი პარლამენტის შენობასთან, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებდნენ. მოქალაქეები მემორიალთან ყვავილებითა და სანთლებით მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებოდნენ 9 აპრილის აქციის მონაწილეებიც. მემორიალთან დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
9 აპრილს დაღუპულებს რეგიონებშიც იხსენებენ. ბათუმში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარულის, თავდადებისა და დამოუკიდებლობის სურვილის სიმბოლო.