ოცდაათი წელი შემზარავი ტრაგედიიდან და საბჭოთა რეჟიმის სადამსჯელო ოპერაციიდან.
დღეს ცხრა აპრილია – საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი დღე და თარიღი, რომელმაც ქვეყნის მომავალი შეცვალა. 1989 წლის 9 აპრილს ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია საბჭოთა შეიარაღებული ძალების სპეც-დანიშნულების რაზმმა სასტიკი მეთოდებით დაარბია. რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სახლის წინ მდგომ მშვიდობიან დემონსტრანტებს საბჭოთა რეჟიმი რკინის ნიჩბებით, ხელკეტებით და ტანკებით გაუსწორდა, გამოიყენეს ამ დრომდე დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებაც. დაიღუპა 21 და დაიჭრა, მოიწამლა და დაშავდა ასულობით ადამიანი.
9 აპრილს ქვეყნისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. იდეა, რომელმაც 1989 წელს ათასობით ადამიანი გააერთიანა, ორი წლის შემდეგ რეალობად იქცა. 1991 წლის 9 აპრილს ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.