ქართული ენის დღე

საბჭოთა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი და გამორჩეული თარიღი, რომელსაც ქვეყანა 32 წელია აღნიშნავს. 14 აპრილი დედაენის დღეა.

44 წლის წინანდელ გარდამტეხ მოვლენებს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლების გეგმას, რომელიც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის გაუქმებას გულისხმობდა, მთელი მოსახლეობა წინ აღუდგა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე დაწყებულმა პროტესტმა, რომელმაც მალევე მთელი საზოგადოება გააერთიანა, შედეგი გამოიღო – მასშტაბური გამოსვლების ფონზე რუსეთი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო. ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლომ – ქართულმა ენამ საბჭოთა კონსტიტუციაში სახელმწიფო სტატუსი შეინარჩუნა.