40 მილიონი ინფექციური საავადმყოფოს შენობისთვის 

საავადმყოფოს, რომლის კეთილმოწყობის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების საჭიროება „კოვიდ-19“-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, მალე შესაძლოა ახალი შენობა ჰქონდეს. 11-წლიანი ლოდინის შემდეგ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონი ლარი გამოიყო. თავად კლინიკის ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს, სახელმწიფოს მიერ გაცემული თანხით ახალ შენობას ააშენებს, თუ უკვე აშენებულ ნაგებობას მოიძიებს.

ტერიტორიის დაცლას ელოდება კომპანია „ავერსიც“, რომელმაც ყაზბეგის გამზირზე მდებარე 11 შენობა 2009 წელს შეიძინა და ინფექციურ კლინიკას რამდენიმე მათგანი იჯარით დაუთმო. სწორედ ტერიტორიის ახალ მფლობელს უკავშირებს ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტი კლინიკაში პირობების ყოველდღიურად გაუარესებას.